IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
„მხილებას განკითხვისაგან მხოლოდ, ერთი რამ განასხვავებს - სიყვარული“
redcow
პოსტი Sep 19 2013, 03:29 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 323
რეგისტრ.: 5-June 13
წევრი №: 568

ნიკის ჩასმა
ციტირება



გვესაუბრება წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
დეკანოზი ანდრია კემულარია

- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ისტორიულად ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის პრობლემების მოგვარების საკითხში. დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახალხო დიპლომატიამი თავისი წვლილი შეიტანოს ეკლესიამ, რათა დათბეს ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის და პოლიტიკოსთა შეცდომები, რომლებმაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანეს, განიმუხტოს სამეცნიერო და კულტურულ დონეზე, ეკლესიის იერარქიების დონეზე... ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია საზოგადოების დამოკიდებულება. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართელოს არაფერი ესაქმება იმ ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები... მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ სწორედ ევროპული ფსევდო-ფასეულობებია დამღუპველი ქვეყნისთვის და აუცილებელია გამყარდეს კავშირი ორ მართლმადიდებელ სახელმწიფოს შორის. მამა ანდრია, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ მართლმადიდებელ ქრისტიანს?

- უწმიდესის რუსეთში ვიზიტები მრავალი მითქმა-მოთქმისა და კრიტიკის ობიექტად იქცა. ყოველი ადამიანი აფასებს მოვლენებს მისი მსოფლმხედველობის თვალსაწიერიდან, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი წილი მიუძღვის ქვეყანაში გაბატონებულ შეხედულებებსა და შეფასებებს, რომლებიც ყალიბდება არა სპონტანურად, არამედ, ძირითადად, წარმმართველი პოლიტიკური ძალების კარნახით, რომლებიც მედიასაშუალებებით ვრცელდება და, გვინდა თუ არა, ჩვენ ვისრუტავთ ამ იდეებსა და შეფასებებს. მეტ-ნაკლებად ისინი პირადი თავისუფლების ხარისხის მიხედვით ილექებიან ჩვენში.

გასული საუკუნეები რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობით აღინიშნა. იმპერიის მიერ ქართველთა ჩაგვრა და ეროვნული ღირებულებების ამოძირკვის მცდელობა, ეკლესიისათვის საჭეთმყრობელის წართმევა და ავტოკეფალიის გაუქმება, ეკლესიის ძარცვა, ბუნებრივია, მტკივნეულად აღიქმებოდა ქართველი კაცის მიერ. შეუძლებელია გიყვარდეს დამპყრობელი. ბევრი რამ არის ისეთი, რისი დავიწყება შეუძლებელია. მაგრამ გონიერი ადამიანი უნდა აცნობიერებდეს რეალიებს. სინამდვილე კი ასეთია: გვერდით გვყავს ვეებერთელა მეზობელი, საკმაოდ ძლიერი, გაურკვეველი წყობის, რომელსაც მიტაცებული აქვს ჩვენა მიწა-წყალი; გვყავს უფრო პატარა მეზობლები, რომლებიც დიდის მეგობრები არიან; არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა, ძალისმიერი ხერხით გავამთლიანოთ ქვეყანა; ზოგიერთი შორეული სახელმწიფო თუმცაღა კი აცხადებს, რომ არის ჩვენი მეგობარი, მაგრამ კრიტიკულ პერიოდში „შეშფოთებებით“ შემოიფარგლება და ჩვენ გამო არ გადაიმტერებს უზარმაზარ, უმდიდრესი რესურსების მქონე სახელმწიფოს. ასეთ პირობებში განსაკუთრებული სიბრძნე გვმართებს. წარსულით მოყენებულ ტკივილს ვერაფერი წაშლის, მაგრამ სამომავლოდ ემოციებზე მეტად კეთილგონიერებით უნდა აღვიჭურვოთ. სახარებაში ვკითხულობთ: „ანუ რომელი მეფე მივალნ სხვისა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა? უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშვიდობით“ (ლუკ. 14:31-32). ეს სიტყვები, პირველ ყოვლისა ადამიანის ღმერთთან ურთიერთობას ეხება, მაგრამ ამავდროულად მიწიერ ცხოვრებაში სახელმძღვანელოც არის, რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ და ვაგინოთ ოკუპანტს, ამით ის ნაბიჯითაც არ დაიხევს უკან.

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა არ არის რომანტიზმის სფერო, აქ არ აქვს ადგილი მეგობრობასა და სიყვარულს, არამედ არსებობს მხოლოდ დროებითი პარტნიორობა საკუთარი მიზნების მისაღწევად, პრაგმატული ინტერესები. ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, რომელიც გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო დაპირისპირებულ ძალთა ჭიდილის არენად იქცა, ძალიან საშიშია რადიკალურობა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. პატრიარქი დღეს მშვიდობის მოციქულის ფუნქციას ასრულებს და ცდილობს თავისი ვიზიტებით აღადგინოს დიალოგის შესაძლებლობა რუსეთთან. ვფიქრობ, ეს კეთილგონივრული და გარდაუვალი ნაბიჯია, მით უფრო, როცა უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს იმ ქვეყანაში. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტების დროს მკვეთრად მატულობს მათი აქტიურობა, ვინც გაშმაგებით ყვირის ეკლესიის რუსოფილობაზე და, ლამის მოღალატედ გამოიყვანოს უწმინდესი. ვერ განვსჯი მათ, ისტორიისთვის მიმინდია, მაგრამ ვფიქრობ, მათი პოზიცია სერიოზულად აზიანებს ქვეყანას, ერს. მართლაც, როგორ უნდა დაგიბნელდეს გონება, რომ პატრიარქს საქართელოს სიყვარულში შეედავო? ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ოკუპანტი არა მხოლოდ რუსეთი, თურქეთიცაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ შლის ჩვენი წინაპრების კვალს. თუმცა ამაზე არაფერს ამბობენ და მეგობრად სახელდებენ.

თანამედროვეთა უმეტესობის აზროვნება შავ-თეთრი გახდა: მოყვარე - მტერი, კარგი - ცუდი. რეალობა კი სხვა გრადაციებითაც აღიწერება. რუსეთი არა მხოლოდ დღევანდელი მმართველების, არამედ მრავალი წმიდანის სამშობლოცაა. რუსულმა კულტურამ სერიოზული კვალი დატოვა მსოფლირ საგანძურში და არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლთა და სისტემის განსჯით ვილაპარაკოთ მთელს ქვეყანაზე. არ არის რუსეთი ერთგვაროვანი ქვეყანა. მეორე მხრივ, როცა გვეიმედება დასავლეთი და მასში ინტეგრაციაზე ვოცნებობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საამისოდ აუცილებელი პირობაა კომპრომისზე წასვლა, ტრადიციული ღირებულების გადახედვა და მკაფიოდ გამოხატულ, ანტიქრისტეანული ღირებულებების ნორმად დაკანონება. თუ რუსეთის ექსპანსია ხორციელდება ძალისმიერი მეთოდებით, დასავლური - ფულითა და მიუღებელი ზნეობრივი ნორმების თავსმოხვევით ე.წ. გენდერული თანასწორობა, რაც სინამდვილეშა სოციალური სქესის შემოღებას გულისხმობს და სულაც არ გინიხილავს მას, როგორც ბიოლოგიურა სქესის იდენტურს, სქესობრივ უმცირესობათა უზნეობის ნორმად აღიარება და ბილწი თანაცხოვრების ოჯახად შერაცხვა, შვილთაკვლის უფლების დაკანონება, ე.წ. იუვენალური იუსტიციის ბერკეტებით შვილების მშობლბსადმი მორჩილების არედან გამოყვანა და ფაქტობრივი წართმევა, სარწმუნოებრივი უმცირესობის მხარდაჭერით ერის ცნობიერებაში რელიგიური შემადგენელის მოშლა და კიდევ სხვა მრავალი - ეს ის პირობებია, რომელთა მიუღებლად ვერ მოხდება ინტეგრირება დასავლეთში. ამავდროულად ვერ ვიარსებებთ განცალკავებით ან რომელიმე ერთ ქვეყანას მიყრდნობით. ღმრთის უდიდესი შეწევნა გვჭირდება და სიბრძნე გვმართებს, რათა არც ფესვებს მოვწყდეთ და ამავდროულად ყველა ქვეყნიდან ის ავიღოთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.

- როგორ ფიქრობთ, ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან?

მაცხოვარი ბრძანებს: „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ“ (იოან.15:20). ქრისტე ვერ შეიწყნარა წუთისოფელმა და ვერც მის ეკლესიას შეიწყნარებს. იყო პერიოდები ეკლესიის ისტორიაში, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში მართლმადიდებლობა შეწყნარებული და მხარდაჭერილი იყო სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არ იყო წუთისოფლის კაპიტულაცია, არამედ მცირე პერიოდები, რომელთაც ანიჭებდა ეკლესიას უფალი. ეს ბრძოლა ქრისტე წინააღმდეგ გრძელდება დღესაც, იცვლება მხოლოდ მეთოდები. თუ ადრეულ საუკუნეებში ბრძოლის ხერხი იყო ფიზიკური დევნა, წამება ქრისტეანთა, დღეს დევნის სხვა ფორმასთან გვაქვს საქმე. ნომინალურად ეკლესიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ინერგება ისეთი ღირებულებები, რომლებიც ადამიანებს ართმევენ უნარს რელიგიურობისა. უზნეობის ნორმად მიმღებს კი ვერ ძალუძს ქრისტეანული ცხოვრება. ზოგს ჰგონია, რომ ათეიზმის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. სინამდვილეში კი ახლაც უტევს უღმერთობა ჩვენს ერს. ეკლესიის წინააღმდეგ აგორებული ლანძღვისა და „მხილების“ ტალღა ამ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს არის ღმრთისმოძულე ბოროტის განზრახვა, რომელიც წუთისოფელში კონკრეტული ადამიანების მიერ ხორციელდება შესაბამისი იდეების დანერგვით.

წმიდა წერილიდან ვიცით, რომ კაცობრიობის მიწიერი ისტორია სრულდება ანტიქრისტეს მოსვლითა და მისი დამხობით ღმრთის მიერ. ანტიქრისტეს, როგორც მსოფლიოს მმართველის მოსვლის აუცილებელი წინაპირობა არის მსოფლიოს გაერთიანება მისთვის მისაღები იდეოლოგიის ტოტალური დანერგვით. ამ მიზანს ემსახურება თანამედროვე გლობალიზმი. მაგრამ გაერთიანება, შეერთება შეუერთებელ ტრადიციათა, უნიფიცირება ადამიანთა მსოფლმხედველობისა, ვერ მოხდება, სანამ ერებს აქვთ თავიანთი განსხვებული, ხშირად შეუთავსებელი ტრადიციები, სარწმუნოებები. ისინი, ვისთვისაც უმაღლესი ღირებულება არის ერთიანი მსოფლიო, ნეოლიბერალური ღირებულებები, ვერ იტანენ ეკლესიას და ყველაფერს აკეთებენ, რათა ეკლესიას უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სოციალური მსახურება დაუტოვონ, წაართვან ზნეობრიობის საზომის ფუნქცია, ერის წინაშე დაკნინდეს მისი ღირსება. დღეს არა მხოლოდ მართლმადიდებლობის, არამედ ზოგადად რელიგიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ომი - საკმაოდ წარმატებული ე.წ. განვითარებულ ქვეყნებში. მართლმადიდებლობა განსაკუთრებით განიცდის შემოტევას, რადგან ჩვენთვის დაუშვებელია კომპრომისები უზნეობასთან. თუ ქრისტიანულად წოდებულმა ზოგიერთმა კონფესიამ დიდი ხნის წინ დაუთმო წუთისოფელს იქამდეც კი, რომ უკვე სოდომიტი მსახურებიც კი ყავს, ჩვენთვის ეს ყოვლად წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამ გარემოში ეკლესია არ განიცდიდეს შემოტევას. მაგრამ გვახსოვს მაცხოვრის სიტყვებიც: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი“ (ლუკ. 12:32).

ძალიან სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აგორებულ ტალღაში თითქმის არ რჩება მედიასაშუალება, რომელიც ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მოტივით არ ლანძღავს ეკლესიას. ერიც სკანდალურ ინფორმაციას არის შეჩვეული და, როგორც წესი, სალანძღავს უფრო ეტანება, ვიდრე ობიექტურს.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოაქვეყნეთ წერილი Facebook-ის მეშვეობით, სადაც საუბარი იყო ორი წლის წინანდელ ინტერვიუზე ერთ ყოფილ მორჩილთან, რომელიც „ამხელს“ სასულიერო პირებს. იქნებ მოუთხროთ „საპატრიარქოს უწყებანის“ მკითხველს, რას ეხებოდა ეს წერილი.

- ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „იმ ეკლესიაში როგორ გავჩერდებოდი, სადაც მონაზვნები ჯიპებით დაგრიალებენ, ხოლო მღვდელმთავრები საპატრიარქოში ერთმანეთს იარაღს ესვრიან?!“ ეს არის ორი წლის წინანდელი სტატიის რეპრინტი. დასაწყისშივე ვკითხულობთ მიზეზს განმეორებითი გამოქვეყნებისა: „თუ გავითვალისწინებთ ამ დღეებში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ვახტანგის გარშემო აგორებულ ვნებათაღელვას, აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს“. როგორც ჩანს, მიზანი არის ცეცხლში ნავთის ჩასხმა, რაც ეკლესიისადმი სიყვარულს ნამდვილად არ გამოხატავს. სამწუხაროდ, არაერთი ეკლესიური ადამიანი (მათ შორის ზოგიერთი გულწრფელი მორწმუნეცაა) წამოეგო ანკესზე და თავიანთი გვერდებით დაიწყეს ამ სტატიის ტირაჟირება, თუმცა ნაკლებად ვინმეს გაჩენოდა კითხვა, ვინ არის ეს „მორჩილი“, ვინ წერს ინტერვიუს და რა მიზნით. ვერ მოვითმინე, რომ არ გამომეთქვა ჩემი მოსაზრება.

პატრიარქისადმი სიყვარულის ნიღბით ე.წ. ყოფილი „მორჩილი“ უსინდისოდ ლანძღავს მთელს ეკლესიას, აქაოდა ისე მიყვარს უწმინდესი, რომ მისი ეკლესიის ნაკლოვანებებზე საყოველთაოდ უნდა ვიყვიროო; ლანძღავს მათ, ვინც ძნელბედობის ჟამს უდიდესი თავდადებისა და ჭირთათმენის ფასად შეკრიბეს, შეკრეს ერთ მთლიანობაში და სულიერად გამოზარდეს მრევლი. ეს ის ადამიანებია, ვისთანაც უშუალო ურთიერთობა მქონდა, ვიცი მათი ღვაწლი, რომელზეც სიტყვა არ თქმულა ინტერვიუში. თუ ვახასიათებთ ადამიანს და „ვამხელთ“, მისი კეთილი თვისებებიც უნდა ითქვას, მაგრამ ყოფილ „მორჩილს“ რატომღაც არ აგონდება ასეთი რამ. მამა გაბრიელი კი მოყავს მაგალითად მხილებისა, მაგრამ ღირს გაბრიელს სხვათა უმსგავსო საქციელის გამო არ დაუტოვებია მონასტერი და ეკლესია, თუმცა ამ მორჩილყოფილზე ბევრად მეტს ხედავდა. რომ ამხილო მამა გაბრიელივით, უნდა ცხოვრობდე და იღვწოდე მამა გაბრიელივით. გულსატკენია, როცა ეკლესიური ადამიანები წუთისოფლის სულს მისდევენ და არ იძიებენ მთქმელის ვინაობას. შედეგად ვერც ჭორსა და მართალს არჩევენ. ადამიანი, რომელიც სხვების უღირსების „მხილებით“ რაღაცად წარმოაჩენს თავს, ტოვებს მონასტერს, ეკლესიას, სამრევლოს, შეპყრობილია ამპარტავნების ვნებით და ხიბლში იმყოფება. უნდა გვეყოს სიბრძნე ასეთი ადამიანის გამოცნობისა. არაერთი ასეთი „მამხილებელი“ გვინახავს, მაგრამ თითქის ყველა ან დაეცა ზნეობრივად, ან განხეთქილებაში აღმოჩნდა, ან კიდევ საერთოდ მიატოვა სარწმუნოებრივი ცხოვრება. მათი სიტყვების მიღებით მსგავსი საშიშროების წინაშე დგება ნებისმიერი მორწმუნე.

- მამა ანდრია, ზოგიერთი სასულიერო პირი, თავისი ქმედებით, თავადვე ხომ არ უწყობს ხელს ეკლესიის დისკრედიტაციას?

- დიახ, არიან ასეთებიც. ორ კატეგორიად დავყოფდი მათ. ერთი ნაწილი მართლაც იქცევა წოდებისთვის შეუსაბამოდ, მეორე კი სახელს იხვეჭს „მხილებით“.

მებრძოლი ეკლესია ამქვეყნად მცხოვრები ადამიანებისაგან შედგება. ყოველ ჩვენგანს გვაქვს სისუსტეები, შემოჩვეული ცოდვები. სულიერი ცხოვრება ცოდვათაგან თავის დაღწევის, ვნებათაგან გათავისუფლების გზაა, ერთად-ერთი გზა. თითეულ ქრისტიანს მოგვეთხოვება, რომ ჩვენი ცხოვრებით ვიქადაგოთ ქრისტეს სიდიადე. სამწუხაროდ, ყოველთვის როდი გამოგვდის, როგორც გვსურს. სასულიერო პირებს ბევრად მეტი მოგვეთხოვება, მაგრამ ანგელოზებად არ დავბადებულვართ. ზოგჯერ დაიშვება შეცდომა სამღვდელო კანდიდატების შერჩევაშიც. ბოროტიც არ ცხრება და უტევს თითოეულს, რათა ჩვენი ცოდვებით ეკლესია იგინებოდეს. ყოველთვის იყო ნაკლოვანებები, იყვნენ პატივისთვის შეუფერებელი ღვთისმსახურები. ეკლესიაც მუდამ ცდილობდა და ცდილობს განწმედას. დღესაც, რა დასამალია, არიან ისეთები, ვისი პირადი ცხოვრება თუ საზოგადო მოღვაწეობა ვერ იქნება სამაგალითო, ვერ იწოდება ქრისტიანულად.

არიან ადამიანები, მათ შორის ღვთისმსახურებიც, რომლებიც ტვირთულობენ ეკლესიის „მამხილებლის“ როლს. ეს ძალიან სახიფათო მისიაა. „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“ (ლუკ. 4:23), გვასწავლის მაცხოვარი. ისინი, ვისაც საზოგადოება ძირითადად მხილებებით იცნობს, ამპარტავნებით შეპყრობილობას წარმოაჩენენ. ეკლესიის განწმედა არა მხილებით აღესრულება, რამდენადაც ჭეშმარიტების ქადაგებით, სულიერი გამოცდილების გაზიარებით, მცირედმორწმუნეთა განმტკიცებით. როცა ადამიანი მასწავლის ცხონების გზას და ვგრძნობ მასში ეკლესიის მიმართ სიყვარულს, მისგან მხილებასაც მივიღებ. მათგან კი, ვინც განკითხვით გამხდარა პოპულარული, იშვიათად გაიგებთ სულისთვის სასარგებლო რჩევა-დარიგებას. მეტიც, ზოგიერთი მათგანის ცხოვრება ბევრად მეტი ცოდვითაა სავსე, ვიდრე ის, რაშიც სხვას ამხელენ. რეალური ფაქტის მხილებას მაშინ აქვს აღმაშენებელი ძალა, როცა განწმედილი ბაგეებიდან ამოდის. როცა მაცხოვარს ჩასაქოლად განწირული მეძავი წარუდგინეს, რომლის მოკვდინების უფლებას სჯული აძლევდა, უფალმა არ აუკრძალა, მაგრამ სულში ჩახედვისაკენ მოუწოდა: „ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა“ (იოან. 8:7) და რა? ყველა გაეცალა იქაურობას. ნუთუ იმ იუდეველებზე ცოტათი მაინც მაღლა არ უნდა ვიდგეთ? სანამ ამხელდე სხვას, სულში უნდა ჩაიხედო. როცა ამხელ, თავად გამოუსწორებელი და სათნოვბათა მოხვეჭაში გამოუცდელი, უფრო დიდ ცოდვაში ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგები. მხილებას განკითხვისაგან ერთი რამ განასხვავებს - სიყვარული. სადაც არ არის სიყვარული დაცემული ძმისადმი, ეკლესიისადმი, იქ არ არის აღმაშენებელი მხილება. ფაქტობრივ სიმართლეს კი ზოგჯერ ეშმაკიც ათქმევინებს ადამიანს. პატერიკები სავსეა მაგალითებით იმისა, როგორ ფარავდნენ მოღვაწენი მოყვასთა ცოდვებს და ზრუნავდნენ მათ შინაგან განკურნებაზე. რა თქმა უნდა, როცა საქმე გვაქვს სასულიერო პირთა მიუღებელ ქცევასთან, რაც აცდუნებს და აბრკოლებს მრევლსა და ერს, უჯეროა წაყრუება, მაგრამ სკანდალების მოყვარე საზოგადოების წიზაშე გამოფენა არ არის ეკლესიაზე ზრუნვა.

ეკლესია ქრისტეს ირგვლივ შემოკრებილი ოჯახია. ოჯახში კი როგორ ხდება? არ გაგვაქვს ერთმანეთის განკითხვა და არც არავის ვაძლევთ ჩარევის უფლებას, არამედ ვცდილობთ თავადვე მივხედოო, გამოვასწოროთ. როცა ხედავ, რამდენ ადამიანს სძულს ეკლესია, ცდილობს მოკვეთოს იგი საზოგადო ცხოვრებას, აგორებულია ტალღა ცილისწამებისა და ამ ფონზე განიკითხავ დაცემულ ძმას, არ ხარ ეკლესიის შვილი.

- რატომ აღიქმება დღეს ეკლესიის მხრიდან სულიერებისა და ზნეობისკენ მითითება ისე, თითქოს ის ძალაუფლებას ართმევს ხელისუფლებას?

- ასეთი რამ, ვფიქრობ, ორ შემთხვევაში შეიძლება ხდებოდეს. ერთია, როცა ხელისუფლებას მიჰყავს ერი ზნეობრივი დეგრადაციისაკენ და ეხამუშება ეკლესიის მხრიდან მხილება. სახელმწიფო ერის ცხოვრების მაორგანიზებელი ძალაა და ნორმალურ შემთხვევაში ერის და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ან უცხო იდეოლოგიის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ უნდა იყოს გაგებული, როგორც მხოლოდ ეკონომიკური აყვავება. სიმაძღრე არ არის ბედნიერების უმთავრესი შემადგენელი. როცა ირღვევა ზნეობრივი საწყისების სიმყარე და ეკლესია მიუთითებს ამაზე, ერის ინტერესების დამცველი ხელისუფლება არასდროს ისაუბრებს მისი ძალაუფლების მიტაცების საფრთხეზე.

არის სხვა შემთხვევა, როცა მესამე მხარე ცდილობს ეკლესია სახელმწიფო ძალაუფლების უზურპატორად წარმოაჩინოს. ეს მათთვის აღებული გრანტების გამართლება და შემდეგი მსუყე ლუკმის გარანტიაა. ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაში მყოფთ მეტად მოეთხოვებათ საკუთარი მოქალაქეობრივი და ეროვნული პოზიციის დაფიქსირება, მგრძნობიარე საკითხების ერის სამსჯავროზე გამოტანა.

- რას გვეტყვით 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალეულ სასულიერო პირების საქმეზე.

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს ამაზე რაიმეს თქმა, იმდენად აბსურდულად მეჩვენება ასეთი სასამართლოს ჩატარება. კომუნისტების მიერ მამა თევდორე ჩიხლაძის გასამართლების შემდეგ არ მაგონდება, მღვდელი ბრალდებული ყოფილიყო. მჯერა, რომ ეს დაკვეთაა უცხო ქვეყნიდან, ისევე, როგორც „კავკასიაზე“ თავდასხმაში დადანაშაულებულთა შემთხვევაში იყო. მაგრამ, დროდადრო დგება საჭიროება, როცა თითოეული ქართველი, მით უფრო ხელისუფლებში მყოფი, მოვალეა იყოს აღმსარებელი, თუ სარწმუნოებისა ვერა, თავისი ერის ტრადიციული ღირებულებებისა მაინც. ვინ არის დაზარალებული, დასახიჩრებული? წარმოუდგენელია, შეიკრიბოს ამდენი ათასი ადამიანი მცირე ჯგუფის წინააღმდეგ და არავინ იყოს დასახიჩრებული. ვფიქრობ, ეს ეკლესიის დამსახურებაა, მაგრამ ეს რატომღაც „გამორჩა“ მედიას.

არ აქვს მნიშვნელობა, დასჯის სასამართლო მამებს, თუ გაამართლებს. თვით პრეცედენტი არის საგანგაშო და ავის მომასწავებელი ქვეყნისთვის.

თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ვიღაც შეურაცხყოფილი და შეშინებული დარჩა აგრესიით, იქნებ ჩვენც ვიყოთ შეურაცხყოფილნი უზნეობის პროპაგანდით. პრობლემის გამოგონება და შემდგომ მის მოგვარებაზე ზრუნვის ნიღბით ეკლესიის მონსტრად გამოჩინება, შორს ვერ წაიყვანს ქვეყანას.

ადამიანის ცხოვრება ორ სივრცეში მიმდინარეობს - სულიერსა და ხორციელში. რამდენადაც მიწიერი პრობლემების შექმნა არის დანაშაული, იმდენად სულიერი გარემოს დაბინძურებაც დანაშაულია. საყოვლოაოდ მიღებული ჰუმანისტური ცნობიერება კი სულიერ ცხოვრებას ინდივიდუმში კეტავს და საზოგადო სტატუსს ართმევს. ამიტომაც უზნეობის პროპაგანდა დღეს არ ისჯება, მაგრამ ხომ გვაწუხებს ადამიანებს?!

ცოტა ხნის წინ ბულგარეთშიც იყო მცდელობა მსგავსი შეკრების ჩატარებისა. ეკლესიამ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება და ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა. განა ცხადი არ იყო, რომ ქართველთათვის არანაკლებ მიუღებელი იქნებოდა სოდომიის ქადაგება? რატომ არავინ აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც გარდაუვალი დაპირისპირების მიუხედავად გასცა ნებართვა აქციაზე?

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სხვა რამ არის ასევე შემაშფოთებელი. არაერთმა მორწმუნემ, თუმცაღა კი თქვა ერთი წინანადებით, რომ არ ემხრობა სოდომიის პროპაგანდას, შემდგომ მთელი ტრაქტატები უძღვნა აგრესიის დაგმობას. აგრესია და გინება, აბა, რა მოსაწონია, მაგრამ ხომ უნდა იყოს ცოდვათა მეტ-ნაკლებობის განსაზღვრა, ბალანსი მოვლენათა შეფასებაში? ნუთუ ნანახი აგრესია უფრო საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე სოდომიის სიბილწე?

- ბოლო წლები განსაკუთრებით რთული იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. არავისთვისაა დასამალი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაუცველი იყო ადამიანთა უფლებები... სისტემატური სახე ჰქონდა მოსამართლეთა მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. გაუგონარი, შემზარავი ფაქტები ხდებოდა მართლმსაჯულების სისტემამი. უდიდესი ტრაგედია იყო ქვეყნისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი... აღარაფერს ვამბობ იმ პროექტებზე, რომლებიც ლგბტ პირების წახალისებას ემსახურება. მამა ანდრია, რატომ აღმოვჩნდით ქართველები ამ დღეში? ალბათ ყოველივე ჩვენი მცირედმორწმუნეობის ბრალია.

- ამ კითხვაზე, ვფიქრობ, ყველა ქართველს ექნება რაღაც თავისი სათქმელი. პოსტსაბჭოური საქართველოს ცხოვრებაში გზის გასაყრად 9 აპრილი მიმაჩნია. იმ ღამეს ერი არჩევანის წინაშე დადგა: მოესმინა პატრიარქისთვის და წასულიყო სალოცავად თუ დამორჩილებოდა კაცობრივ ბრძნობას და მიტინგებისა და აქციების გზით ებრძოლა თავისუფლებისთვის. ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ის ღამე სწორი გზიდან გადახვევასთან ასოცირდება. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ამას ვერაფერი შეაჩერებდა. ჩვენთვის კი ის ღამე პატრიარქის, სულაერი მამის ურჩობის ღამედ იქცევა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ 9 აპრილის ემოციურმა მუხტმა დაგვაღწევინა თავი იმპერიას, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, არჩეული ხელისუფლების დამხობამ, ძმათამკვლელმა ომმა, გაპარტახებამ, უცხოეთში აღზრდილი და დაფინანსებული არაქართული, არაეროვნული ძალის აღზევებამ და მის მიერ ზნეობრიობის წინააღმდეგ გალაშქრებამ, გასაოცარმა სისასტიკემ და დაუნდობლობამ სახელმწიფოს მხრიდან - მკაფიოდ გამოაჩინა, რომ რაღაც დავაშავეთ და ვისჯებით. ჩემთვის პატრიარქისადმი ურჩობა იყო საკრალური აქტი, რამაც დიდად გვავნო. ვერც ერის წინამძღოლებს და ვერც ახლადგამოღვიძებულ ერს ვერ ეყო ნდობა ქრისტეს მიმართ. ამასთანავე, გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები: „თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არნ მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ“ (მათ. 5:13). მარილი ეკლესიაა, თითოეული ჩვენგანი. როცა ჩვენი პირადი ცხოვრება არსებითად შორდება ქრისტეს და მხოლოდ ფორმალურ კავშირს ინარჩუნებს მასთან, როცა ცათა სასუფევლის დამკვიდრგბა, როგორც უმთავრესი მიზანი ცხოვრებისა ჩანაცვლებულია მიმდინარე საზრუნავებითა და წუთისოფლის ხიბლით, როცა სულიერი საზომების ადგილს მშვინვიერი იკავებს, გვეკარგება ერის „დამარილების“ უნარი და განსაცდელიც არ აყოვნებს. ამიტომ ერსა და ქვეყანაზე ზრუნვას პირად ხსნაზე ზრუნვა უნდა უსწრებდეს, მაშინ აქვს ძალა სიტყვას, მაშინ არის აღმაშენებელი ქვეყნისათვის თითოეული ჩვენგანის შრომა.

შევთხოვ უფალს, მოგვცეს სიბრძნე, მხნეობა, სიყვარული გადარჩენის გზაზე სავალად.

ესაუბრა ია ხაზარაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 30 (689), 2013 წ

http://orthodoxy.ge/


--------------------
რწმენა ჭემარიტების ცოდნა არ არის, არამედ, მისი ერთგულებაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2018 - 07:19 AM