IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ქრისტესშობა
rover
პოსტი Jan 7 2014, 06:52 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 2,658
რეგისტრ.: 20-June 13
წევრი №: 591

ნიკის ჩასმა
ციტირება



გილოცავთ ქრისტეშობის
ბრწყინვალე დღესასწაულს!




დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:

- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!

საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ. უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი. მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?! ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ. ღმერთი არ გაგვწირავს. შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!

ყველას გილოცავთ ქრისტეს შობას!



საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილეთ: ქვაბი ცათა ემსგავსა, ქალწული ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროსა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი დაუტევნელი, რომელსა ვუგალობთ.

ქრისტე იშვება: ადიდებდეთ! ქრისტე ზეციდან; გამოვედით მიგებებად! ქრისტე ქვეყანასა ზედა, აღმაღლდებით! უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა! და ვეტყვი ორთავეს: იხარებდინ ცანი და იშვებდინ ქუეყანა: ჯერ ზეციურისთვის, შემდეგ ქვეყნიურისთვის!.. ქრისტე ქალწულისაგან...

მოვალს მელქისედეკი; შობილი უდედოდ, იშვება უმამოდ, - პირველ უდედოდ, მერმე უმამოდ. ირღვევა კანონი ბუნებისა. ქრისტე უბრძანებს, ნუ შევეწინააღმდეგებით. უხორცო ხორცს შეისხამს, სიტყვა მყარი იქმნება, უხილავი საჩინო ხდება, შეუხებელი - შესახები, ძველი დღეთა (ანუ დაუსაბამო) დასაბამს იღებს. ძე ღვთისა ძე კაცისა ხდება. იესუ ქრისტე გუშინ და დღეს იგივეა.

დე იუდეველები ცთუნდებოდნენ, წარმართნი ეცინოდნენ, მწვალებელნი ენაბრგვილობდნენ! მაშინღა ირწუნებენ, ოდეს იხილავენ ზეცად აღმავალს, თუ მაშინ არა, უეჭველად მაშინ, როდესაც იხილავენ ზეციდან გარდამომავალს და დამჯდარს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. მაგრამ ეს შემდგომ იქნება, აწ კი დღესასწაულია ღვთისგანცხადებისა ანუ შობისა და ეს ორი სახელი აქვს ამ დღეს, რამეთუ შობის მიერ და ასეც იწოდება ეს დღე ღმერთი გამოგვეცხადა კაცთა... რათა მას, რომელმაც მოგვანიჭა ყოფიერება, მოენიჭებინა კეთილყოფიერებაც.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)


ქრისტეშობის სიმბოლოები

მოლოდინი

ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.

ნათელი

კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად კი მთელი სამყაროს გამსჭვალავი ნათელია. საშობაო საგალობელში ეკლესია, როგორც ძლევის ჰიმნს, ისე იმეორებს ამ სიტყვებს - „ჩვენთარ არს ღმერთი“. ღმერთი ჩვენთან მოვიდა, რათა მივიღოთ ჩვენ მარადიული სიცოცხლე და სიხარული.

შობის ვარსკვლავი

გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები (ასტრონომია და მათემატიკა ძველ სამყაროში წმინდა მეცნიერებებად ითვლებოდა). მოგვები იცნობდნენ დანიელის წინასწარმეტყველებას, რომელიც ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ ბაბილონში ცხოვრობდა.

ხალხის აღწერა

რომის იმპერატორმა, ავგუსტინემ, ხარკის გადასახადების მოსაწესრიგებლად, იმპერიაში ხალხის საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. რომის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და იუდეაში აღწერა იუდეველთა ჩვეულების მიხედვით მიმდინარეობდა. იოსები და ქალწული მარიამი დავით მეფის შტოს ეკუთვნოდნენ და ამიტომ იმ ქალაქში უნდა ჩაწერილიყვნენ, საიდანაც მათი წინაპარი იყო, ანუ ბეთლემში. ქალაქში, რომელიც წინასწარმეტყველებაში მესიის შობის ადგილად არის მოხსენიებული.

ბეთლემი

ქრისტეს მოსვლა უხმაუროდ და საიდუმლოდ განხორციელდა: ბეთლემმა (ქვეყნიერების სახე ამ შემთხვევაში) ვერ იცნო თავისი მხსნელი. მხსნელის მომლოდინე ქვეყანამ კი ჭეშმარიტი მხსნელისგან განსხვავებული, მხსნელის სხვა სახე შექმნა. ჭეშმარიტი ქრისტესთვის, რომელმაც ქვეყნად ღვთაებრივი ნათელი მოიტანა, ამქვეყნად ადგილი არ აღმოჩნდა - ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი.

გამოქვაბული

ქრიტე მოვიდა ქვეყნად. ბეთლემს კი ეძინა ღრმა ძილით. სასტუმროების და სახლების კარებები ყრუდ იყო გამოკეტილი ახალშობილი-ღმერთისთვის. ქვეყანამ თავისი მეუფე გამოქვაბულში მიიღო, სადაც მწყემსები ღამეს ათევინებდნენ საქონელს.

წმინდა მიწაზე დღემდე დგას ოთხი დიდი კლდე, სწორედ ისე, როგორც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამს იდგნენ. ერთ-ერთ მათგანშია იქ გამოქვაბული, რომელშიც მაცხოვარი იშვა. ასეთი უბრალო ადგილას და არა სამეფო პალატებში შობით, მაცხოვარმა იმ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა, რომელსაც ხალხს უქადაგებდა. უფალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა იმ ყველაფერს შორის, რაც კი ქვეყნად არსებობს. ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს.

მწყემსები

არემარე მდუმარებაში იყო ჩაძირული. ისრაელს, ღვთის რჩეულ ხალხს, ეძინა. მხოლოდ არ ეძინა რამდენიმე მწყემსს, რომლებიც მინდორში ცხვრებს მწყემსავდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადა და მსხნელის მოსვლა ახარა. მწყემსებმა მაცხოვარი სუფთა რწმენით მიიღეს, ვინაიდან ღმერთი მათ გულებში იყო. მათი წმინდა სულები ზეციური ნათელის ამრეკლავ სარკეს ჰგავდნენ.

დილით კი, როცა ღვთის რჩეულმა ერმა გაიღვიძა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გამორჩა ყველაზე მთავარი.

მოგვთა თაყვანისცემა

როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა.

გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.

მოგვების ძღვენი

ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.

ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.



პატრიარქმა ეპისტოლეში სექსუალურ უმცირესობებზე საუბარს ვრცელი ადგილი დაუთმო



კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ვრცელი ადგილი დაუთმო ჰომოსექსუალობას.

"დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია" - ნათქვამია ეპისტოლეში.

ილია მეორე წერს, რომ ეს პროცესები მეტნაკლებად საქართველოშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ამახვილებს მათზე ყურადღებას.

”კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.

საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქიის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, დედაქალაქის ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ გამოსული ადამიანები დაარბია და სცემა.

წყარო ტაბულა:
http://www.tabula.ge/ge/story/78834-patria...i-adgili-dautmo


--------------------
ილაპარაკე რათა გაგიცნო
contact@camp.ge
Go to the top of the page
 
+Quote Post
D.DEVRISA
პოსტი Jan 7 2014, 06:55 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: წევრი
პოსტები: 238
რეგისტრ.: 20-November 13
მდებარეობა: rustavi
წევრი №: 904

ნიკის ჩასმა
ციტირება



ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს შემწე, გვფარავდეს და გვაძლიერებდეს რწმენა მაცხოვრისა, რომელიც ღმერთმა ჩვენს დასაცავად და გასაძლიერებლად მოავლინა ამ ქვეყნად ღვთისმშობლის დახმარებით. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს...... ამინ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st August 2018 - 10:23 PM